კორინთელთა მიმართ I და II ეპისტოლე

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
S407. სამოციქულო. პავლე მოციქული. 31v, X.

პავლე მოციქულმა ეს ორი ეპისტოლე დაწერა დაახლ. ქ.შ. 59 წელს, მისი ეფესოში ყოფნის დროს და ორივე მიმართულია კორინთოს თემისადმი, რომელიც მოციქულმა დააფუძნა თავისი მეორე სამისიონერო მიმოსვლის დროს (საქმე მოციქულთა 18). ეპისტოლეთა დაწერის მიზეზი ყოფილა კორინთოს ეკლესიაში წარმოშობილი უწესრიგობა, რომლის შესახებ ხმებმა მოციქულამდე მიაღწია. საბერძნეთის საპორტო ქალაქი, სადაც ნახევარმილიონიანი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მონებისა და მმართველი კლასის მსახურებისაგან შედგებოდა, მიუხედავად პავლე მოციქულის იქ წელიწადნახევრიანი წარმატებული სამისიონერო მოღვაწეობისა, მანამდე ისე იყო მორალურად გახრწნილი, რომ მოციქულის იქ არყოფნაში ახალგაზრდა ეკლესია თანდათანობით ისევ დაუბრუნდა წარმართულ ჩვევებს, დაეცა საეკლესიო დისციპლინა, დამახინჯდა მკვდართა აღდგომის დიადი მოძღვრება, მორწმუნეები პარტიებად დაიყო მოციქულებისადმი სიმპათიების მიხედვით, დამახინჯდა მოძღვრება მეორედ მოსვლის შესახებ, ხშირი იყო წარმართულ ტაძრულ ღრეობებში ქრისტიანების მონაწილეობა. პავლე ცდილობდა შეცდომილთათვის აეხსნა მათი გადახრის მოსალოდნელი მძიმე შედეგები და სიყვარულით ურჩევდა, რომ ქრისტეს გაყოლოდნენ და არა ცოდვიან ადამიანებს. მათი გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს მადლით არის შესაძლებელი, რომელიც განწმენდს და აკურთხებს ადამიანის სიცოცხლეს. ამ ეპისტოლეში წარმოდგენილია პავლეს მოძღვრება სიყვარულზე, რომელიც ცოდნაზე და რწმენაზე მაღლა დგას (1კორ.13). მეორე ეპისტოლეში წარმოდგენილია პავლე მოციქულის მძიმე განცდები იმასთან დაკავშირებით, რომ კორინთოში მის წინააღმდეგ წარმოებდა გამოხდომები იუდეველ სჯულმდებელთა მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ მოციქულის ავტორიტეტის დაკნინებას, რაც საფრთხეს უქმნიდა მოძღვრებას რწმენის მადლით გადარჩენის შესახებ. თავისი ეპისტოლით პავლეს სურს, კორინთოში ჩასვლამდე გაარკვიოს ყოველგვარი გაუგებრობა და აღადგინოს ძმური ურთიერთობა თემთან. მოციქული კმაყოფილია, რომ მან ტიტესგან გაიგო, რომ მისმა მკაცრმა მხილებამ შედეგი გამოიღო და სისხლის აღრევაში ბრალდებულები დაისაჯნენ. იუდეველთა ცუდი გავლენა ამუხრუჭებს წარმართების მოქცევის საქმეს. მოციქული ამხელს ცილისმწამებლებს, რომლებსაც ეჭვი შეჰქონდათ მის უფლებებში – ყოფილიყო მოციქული და ამტკიცებს თავისი მაღალი მსახურების კანონიერებას. ბოლოს პავლე მიმართავს კორინთელებს: „გიხაროდეთ ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთსულოვანნი, მშვიდობა და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით და ა.შ.


(იხ. ბიბლიოლოგია, პავლენი, პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რომაელთა მიმართ ეპისტოლე, გალატელთა მიმართ ეპისტოლე, ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე, კოლასელთა მიმართ ეპისტოლე, თესალონიკელთა მიმართ I და II ეპისტოლე, ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლე, ტიტეს მიმართ ეპისტოლე, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, ფილიმონის მიმართ ეპისტოლე)

გამოცემები

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

ხელნაწერები

A 34, XIII; A 46, XVIII; A 137, XIII-XIV; A 584, 1083; A 677, XI-XII; S 407, X, 32r-60r; S 1338, X, 26r-57r; ქუთ. 176, XI, 96r; ლენინგ. K-4, XIII; Sin. 58-31-60, 977 წ.; Ath. 42, X, 194r-222r.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები