გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხოვრებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშჱნებელისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ - არის ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის შედევრი, რომელიც შექმნა გიორგი მერჩულემ 951 წ., გრიგოლის გარდაცვალებიდან 90წლის შემდეგ. იგი არა მარტო მხატვრულ-სიტყვაკაზმული ლიტერატურის ბრწყინვალე თხზულებაა, რომელშიც წარმოდგენილია ქართული ეკლესიის მსახურთა მრავალფეროვანი გალერეა, არამედ VIII-IX სს. საქართველოს სახელმწიფოების და საეკლესიო სტრუქტურათა ჩამოყალიბებისა და მათი ურთიერთობათა უტყუარი მატიანეც.

გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრების“ დღეს არსებული ერთადერთი (XI-XIIსს..) ხელნაწერი მხოლოდ 1845 წელს გახდა ცნობილი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში გამოავლინა ნიკო ჩუბინაშვილმა (Ier. 2). ცნობა მისი აღმოჩენის შესახებ1889 წელს დაიბეჭდა, ხოლო ქართული ტექსტი რუსული თარგმანით მხოლოდ1911 წელს გამოსცა ნიკო მარმა. ამ თხზულებას ბედი ნამდვილად არ სწყალობდა:951 წლიდან, როდესაც ეს თხზულება დაიწერა, შეიძლება ვიფიქროთ, გრიგოლ ხანცთელის მრავალრიცხოვანი მოწაფეები და მოწაფეების მოწაფეები თავიანთი მოძღვრის „ცხოვრებას“ მრავალ ცალად გადაწერდნენ და ავრცელებდნენ არამარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, არამედ საზღვარგარეთის იმ მონასტრებშიც, სადაც გრიგოლის მოწაფეები მრავლად მოღვაწეობდნენ, თუმცა ამ უამრავი ხელნაწერიდან მხოლოდ ერთადერთი ხელნაწერი გადარჩა დაღუპვას, ისიც დაწერიდან200-250 წლის შემდეგ გადაწერილი და ისიც მხოლოდ საზღვარგარეთის ქართულ კერაში და კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ეს თხზულება აღმოჩენიდან მხოლოდ 66წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

გრიგოლი იზრდებოდა ტფილისში, ქართლის ერისმთავრის - ნერსეს ოჯახში (რომლის მეუღლე გრიგოლის მამიდა იყო და რომელმაც იშვილა გრიგოლი, ხოლო თვით ნერსე, გრიგოლის მამობილი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი პირია. „ჰაბო ტფილელის წამების“ მიხედვითაც). მან, როგორც ეს მის „ცხოვრებაში“ არის ნათქვამი კარგი განათლება მიიღო - შეისწავლა „სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ ... ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად“ (ძეგლები, I,249-250). გრიგოლის ბავშვობა და სიყმაწვილე, უფრო მონაზვნის ცხოვრებას ჰგავდა. როდესაც აღმზრდელებმა და მშობლებმა მისი მღვდლად კურთხევა მოინდომეს, შეშინებულმა თქვა: „და აწ პატივს ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“, თუმცა დაემორჩილა მათ ნებას, მაგრამ როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტეს, „ჴორციელ დიდებას“ გაერიდა და „რაჲთა უქმთა მათ უდაბნოთა შინა გამობრწყინდეს სანთელი ესე დაუვსებელი,“ დედაქალაქიდან სამ თანამოაზრესთან ერთად „განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ“ კლარჯეთის უდაბნოში, რათა გამხდარიყო „კლარჯეთის დიდებულთა უდაბნოთა ქალაქმყოფელი“.

აქედან იწყება გრიგოლის აღმშენებლობითი მოღვაწეობა ხანცთაში და ამიტომ დაიმკვიდრა მან „გრიგოლ ხანცთელის“ სახელი. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანცთელს უსადაგებს დახასიათებას, რომელიც დაიმსახურეს მონაზვნობის გამორჩეულმა მოღვაწეებმა (მაგ. საბა განწმენდილმა და სხვა): „ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი“, რომელიც გამოხატავს მის სულიერ სისპეტაკეს, მიწიერი ვნებების დათრგუნვას, თავისი სამაგალითო ღვაწლით ღმერთთან მიახლოების გზას და წარმოგვიდგენს მონაზვნობის ეტალონს.

გრიგოლის „ცხოვრების“ შინაარსი გადმოცემულია სადა, მარტივი ენით. თხზულება გამოირჩევა გამოყენებული წყაროების სიუხვით, სიუჟეტის რეალისტური და დრამატული განვითარებით, მხატვრულად დახვეწილი სახეებით, საინტერესო ეპიზოდების სიმრავლით, სასწაულების სიუჟეტურ თხრობაში ოსტატურად ჩართვის მაგალითებით, ადამიანური სისუსტეების შემცველი ეპიზოდების იდეოლოგიური მრწამსის გამოხატვისათვის გამოყენებით, ბუნების სურათების აღწერის სიუხვით და რიტორიკულ- მჭევრმეტყველების ნიმუშებით.

„გრიგოლ ხანცთელის „ცხოვრების“ დიდტანიან თხზულებაში, როგორც სათაურიდანვე ჩანს, აღწერილია არამარტო გრიგოლის, არამედ „მის თანა მრავალთა მამათა ნეტართა“ ცხოვრებაც, ვინც მონაწილეობდა გრიგოლის მიერ წამოწყებულ გრანდიოზულ საქმიანობაში VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში ეკლესია მონასტერთა მშენებლობისა და მკაცრად ორგანიზებული სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში. „ცხოვრების“ ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მღვდელ-მონაზონთა და ერისკაცთა აუცილებელი ურთიერთდამოკიდებულება, მაგ: დიდებული ერისკაცი გაბრიელ დაფანჩული მიმართავს გრიგოლს: „აწ ჩუენ თანა არს ჴორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთას“ (ძეგლ, I, გვ. 260). გრიგოლი მონაზვნობის აპოლოგეტია და ხაზს უსვამს მის უპირატესობას არამარტო სამრევლო (თეთრი) სამღვდელოებასთან შედარებით, არამედ მოწამეთა ღვაწლთან შედარებითაც, რადგან ავტორის სიტყვებით მონაზვნები „თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს ქრისტესისა“ (იქვე, გვ. 257). „ცხოვრებაში“ ხაზგასმულია ეკლესიისა და სახელმწიფოს პოლიტიკური მთლიანობის საკითხი: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების...“ (იქვე, გვ.290)

გრიგოლ ხანცთელმა, რომელმაც უმაღლეს ფეოდალურ ოჯახში მრავალმხრივი განათლება მიიღო, კარგად იცოდა მწიგნობრობის ფასი ადამიანის სულიერი აღზრდისათვის. ამიტომ იყო, რომ გრიგოლისა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებული ტაო-კლარჯეთის მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრები იქცა მწიგნობრობისა და ლიტერატურული საქმიანობის კერებად, სულიერი საგანძურის შექმნის ცენტრებად. მართალია, ჩვენამდე ხელნაწერთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, მაგრამ თითოეული მათგანი ქართული კულტურის ფასდაუდებელი განძია. იშვიათად შეხვდებით ჰაგიოგრაფიულ თხზულებას, რომელშიც ამდენი სასულიერო და საერო პირის ღვაწლი იყოს წარმოჩენილი. თითოეულ მათგანთან ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის და საქმიანობის გარკვეული ეტაპი არის დაკავშირებული: საერო პირთაგან მეფე-დიდებულები, რომლებმაც მატერიალური საფუძველი შეუქმნეს გრიგოლის მიერ წამოწყებულ სამონასტრო მშენებლობის მთელ ქსელს, ხოლო სასულიერო პირთაგან ის მღვდელმთავრები, მღვდლები და მონაზვნები, რომლებიც ამ მონასტრებში მოღვაწეობდნენ. მრავალი მათგანი „დიდი“-ს ზედწოდებით მოიხსენიება, რაც მათ განსაკუთრებულ ღვაწლზე მიუთითებს. თითქმის ყველა მათგანი გრიგოლის მოწაფე იყო. მათ რიგში ცნობილი საეკლესიო მწერლებიც, რომლებიც, როგორც გიორგი მერჩულე ამბობს: „ჯერ-იყო დაწერაჲ ვიდრე ნათესავითი-ნათესავადმდე უკუნისამდე მოთხრობად ყოველთა“ გრიგოლის ღვაწლის შესახებ და რადგან მათ ეს არ შეასრულეს, თავმდაბლობა გამოიჩინეს და დუმილი არჩიეს („ბრძნად მეტყველებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი ოქროჲ რჩეული“). გიორგი მერჩულე იძულებული იყო აღეწერა ამ დიდი პიროვნების „ცხოვრება“ მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, რადგან: „ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს - რაჲმე უმჯობესად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებისა ღმერთშემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა ...“ (ძეგლები, I, გვ. 248).

ერთი სიტყვით, გიორგი მერჩულემ ნათლად დაგვიხატა გრიგოლ ხანცთელის ღვაწლის მთავარი მიზანი: საქართველოს ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძვლების ისე განმტკიცება, რომ მას შეძლებოდა პოლიტიკურად შესუსტებული ქვეყნის (არაბთა მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ) სულიერი წინამძღოლი ყოფილიყო და ერთიანი ეროვნული ეკლესიის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ქართულ ეკლესიას გადამწყვეტი როლი შეესრულებინა. თხზულება გამოხატავს იდეას, რომ უმაღლეს სულიერებამდე აღმოცენებული სამონასტრო ძმობა არის არამარტო სამეფო ხელისუფლების ძლიერების ქვაკუთხედი, არამედ მისთვის ზნეობისა და სამართლიანობის მასწავლებელი და მათ საქმეებზე ღმერთთან შუამავალი. მართალია, ეკლესია ფორმალურად არ ერევა სახელმწიფოებრივ საქმეებში, მხოლოდ მისი ეთიკური და ზნეობრივი საფუძვლების კონტროლს სჯერდება, მაგრამ მაინც იგრძნობა ეკლესიის უპირატესობის მომენტი („დიდებულო მეუფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ“...).

სექციების სია

გამოცემები

  • ნ. მარისა, Георгий Мерчул, Житие Григория Хандзтийского, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии,КН. VII, Спб, 1911 (ქართული ტექსტი და მისი რუსული თარგმანი).
  • პ. ინგოროყვასი, გიორგი მერჩულე, ცხორებაჲ გრიგოლ ხანძთელისა, თბილისი, 1949.
  • ს. ყუბანეიშვილისა, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, თბილისი, 1946, გვ.99-156.
  • ილ. აბულაძის რედაქტორობით, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბილისი, 1964, გვ.248-319.
  • ე. ჭელიძისა, გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება, ძველი ქართული სასულიერო მწერლობა, I, თბილისი, გვ. 480-995(ტექსტი, თარგმანი თანამედ. ქართულ ენაზე, გამოკვლევა და კომენტარი.
  • . კ. დანელიასი, გიორგი მერჩულის ცხოვრება, კრებულში: იაკობ ხუცესი, შუშანიკის წამება, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება; თბილისი, 1986 და2001 წ.წ. (სასკოლო, შემოკლებული გამოცემა. რამდენიმე სხვა გამოცემა იმეორებს რომელიმე ძველ გამოცემას).

ლიტერატურა

  • დასახელებულ გამოცემებზე დართული გამოკვლევები და წინასიტყვაობები.
  • კ.კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, 1980, გვ.152-157.
  • ივ. ჯავახიშვილი, ძველი საისტორიო მწერლობა, თხზულებათა VII ტ., თბილისი, გვ. 121-131.
  • პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954.
  • . რ. სირაძე, ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბილისი, 1987.
  • . მისივე, სახისმეტყველება. საუბრები ქართულ ესთეტიკაზე, თბილისი, 1982.
  • მისივე, ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან. თბილისი, 1978.
  • მისივე, ქართული ჰაგიოგრაფია, თბილისი, 1987.
  • ვ. მაღლაფერიძე, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება კრებულში; საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, თბილისი, 1992, გვ. 89-143.
  • რ. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ჰაგიოგრაფიის ისტორიიდან, თბილისი, 1966.
  • მისივე, ქართული საისტორიო და ლიტერატურული პროზა, თბილისი, 1979 წ.
  • გ. ფარულავა, მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში, თბილისი, 1982.
  • მ. ლორთქიფანიძე, „ცხოვრების“ ისტორიული ფონი, ქართ. ენა და ლიტ-რა სკოლაში, N1, 1983.
  • . ბ. კილანავა, აღმწერელი წიგნისა, ქართ. ენა და ლიტ-რა სკოლაში, N1, 1983.
  • მ. მირზაშვილი, გრიგოლ ხანძთელის „ცხოვრების“ ხელნაწერისა და გამოცემების ტექსტების ურთიერთობისათვის, მაცნე N 4-5,1964.
  • ა. შანიძე, ხანძთელის ცხოვრების ერთი ადგილის გაგებისათვის, მოამბე, ტ.5, 1944.

თარგმანები

  • ნ. მარისა, Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского,Тексты и розыскания КН. VII, С. 83-151 (რუსული).
  • პ. პეეტერსისა „...Vitaes. beatique patris nostri Gregorii archimandritae Khandrtae atque Satberdi ...“, Analecta Bollandiandiana, t. 36-37, 1917-1919, p. 216-309 (ლათინური).

ხელნაწერი

იერუსალიმის საპატრიარქოს ქართული ხელნაწერი, Ier. 2, XI-XII სს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები