ანჩა

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ანჩის საეპისკოპოსო ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, ამჟამინდელ თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის ილში. ა-ის საკუთრებას წარმოადგენდა ანჩის (იგივე, წყაროსთავის) სახარება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, ქართული ხელნაწერი წიგნების კოლექცია, ხელნაწერი #323), რომელიც გადაწერილია XII-XIII საუკუნეებში, დაუდგენელ ადგილას, დაუდგენელი პირის მიერ. მეფეთმეფე თამარის, მეფეთმეფე დავით სოსლანისა და მეფე გიორგი-ლაშას მმართველობის დროს, ანჩელი მთავარეპისკოპოსისა და კლარჯეთის ათორმეტ უდაბნოთა არქიმანდრიტის თეოდორეს მღვდელმთავრობის ჟამს, მწიგნობარმა სოფრომმა ეს სახარება წყაროსთავის უდაბნოსაგან შეიძინა, ოქრომქანდაკებელ ბექა ოპიზარს მოაჭედინა და თავისი ძმის სვიმეონის სალოცველად ა-ს შესწირა: ზე ადიდნენ და დაამყარნეს ღმერთმან ძლიერნი და უძლეველნი, თვით ჴელმწიფებით მფლობელნი ყოვლისა საქართუელოჲსანი დავით მეფეთა მეფე და ღთივ გჳრგჳნოსანი თამარ მეფეთა მეფე და დედოფალი და წარმართენ ლაშას ძისა მათისა მეფობაჲ უმეტეს და უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუჱყანისათა და ადიდენ წმიდაჲ მღვდელთმოძღვარი თევდორე ანჩელ მთავარებისკოპოსი და ათორმეტთა უდაბნოთა არქიმანდრიტი. მღვდელ მოძღვრებასა მათსა ვიგულისმოდგინე მე, სულითა საწყალობელმან და ნათელღებულობით ოდენ ქრისტიანემან, დიდად გამარისხებელმან და შემცოდემან ღთისამან სოფრომ მწიგნობარმან... მპოვნელმან ჟამისამან, რომელ უნდოჲ ესე ნამსახური და კნინი გამოჩენასა ღირს იქმნა. ზესთ მბრწყინვალისა და ნათლით შემოსილისა საყდრისა ანჩისა საჩინოებაჲ მლევანსა ამას სოფელსა მიდამო ეცვალა და მას შინა დანივთებული სიმდიდრე და სამკაული საყდრისა ხრწნილებასა დაენთქა და ყოვლად შეკნინებულ იყო. ესრეთ რომელ ვიკადრე წმიდისა ამის სახარებისა მოსყიდა წმიდით უდაბნოჲთ წყაროს თავით და შემსგავსებულად ძალისა ჩემისა მოვაჭედინე ღთისა მიერ კურთხეულს ღირსსა ოქროს მქანდაკებელსა ბექასა და დაუსუÀნე ხატსა წინაშე ღთაებისასა სალოცველად ძმისა ჩემისა სჳმეონისათჲს.

ლიტერატურა

  • ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, I, თბ., 1949;
  • ლ. მენაბდე. ძველი ქართული მწერლობის კერები, I, 2, თბ., 1962.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები